საქართველოს უნივერსიტეტი - ქვეყნის სახელით ევროპული მომავლისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას და დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი, ძლიერი და ევროპული მომავალი სურს. სწორედ ამიტომ "საქართველოს უნივერსიტეტი" ახალ კამპანიას იწყებს და სვამს კითხვას: "როგორ საქართველოს უნივერსიტეტს ვქმნით"?
უნივერსიტეტის ისტორიაზე, ღირებულებებზე, მიზნებსა და როლზე Entrepreneur-ი "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორს, კონსტანტინე თოფურიას ესაუბრა.
რას ნიშნავს "საქართველოს უნივერსიტეტი" და რაში გამოიხატება ის ღირებულება, რომელიც ქვეყნის სახელს ატარებს?
სიმბოლურია, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" ქვეყნის სახელს ატარებს. ეს არის ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, "საქართველოს უნივერსიტეტი" შეუძლებელია საქართველოს გარეშე არსებობდეს. სწორედ ეს ურთიერთკავშირი ქმნის მოლოდინს, რომ დემოკრატიულ და ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაც ამავე ღირებულებით გამსჭვალულ უნივერსიტეტში შეგეძლოს.
ჩვენი უმთავრესი მისიაა, მომავალი თაობები ლიბერალური და დასავლური ღირებულებების მქონე პროფესიონალებად აღვზარდოთ. ქვეყანაში ახალი ცოდნის ბაზა შევქმნათ, რათა ახალგაზრდები აღჭურვილები იყვნენ იმ თანამედროვე უნარებით, რომლებიც საჭიროა სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ სამყაროში ადაპტაციისთვის.
"საქართველოს უნივერსიტეტი" არის საუნივერსიტეტო ტრადიციის გამგრძელებელი, რომელიც 1918 წელს დაიწყო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმ ღირებულებებისა და სულისკვეთების თანხვედრაა, რაც თავის დროზე ქართულ საზოგადოებას ივანე ჯავახიშვილისგან ერგო. განათლების და მომავალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარების ეს იდეა თაობიდან თაობას გადაეცემა, საქართველოს უნივერსიტეტს სწორედ აკადემიის ამ დანიშნულების სჯერა.
ჩვენ მიერ დაწყებული კამპანია და მთავარი ვიდეორგოლიც იმ იდეებისა და ფასეულობების ერთიანობაა, რომლითაც საქართველოს განათლებისა და კულტურის სადარაჯოზე ვდგავართ და მომავალ თაობებს უკეთესი ქვეყნის შენებაში ვეხმარებით.
რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი მომავალი ლიდერების, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი, აქტიური და ეროვნულ პროცესებში მონაწილე საზოგადოების ჩამოყალიბებაში?
მიგვაჩნია, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" არის ევროპული კულტურის ნაწილი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ევროპული ცივილიზაციისკენ სწრაფვაა, რასთანაც ახლა ყველაზე ახლოს ვართ. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც იხილავს საქართველოს ევროპის ნაწილად და "საქართველოს უნივერსიტეტი", შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანას ევროპული გზისკენ სვლაში დაეხმაროს.
ევროპა არის გარემო, სადაც არა თუ იჩრდილება, არამედ ყვავის ეროვნული კულტურა, რელიგია და ფასეულობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მრავალფეროვნების ნაწილი ვიყოთ.
"საქართველოს უნივერსიტეტი" არის ძლიერი უნივერსიტეტი. როცა იცი, რომ მართალი ხარ და სწორი ღირებულებების მხარეს დგახარ, ეს უფრო დიდ ძალას გმატებს. ჩვენ პრინციპულად და მორალურად ერთმანეთს ვაძლიერებთ. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებას შეაფერხებს.
ჩვენი ძალა იმ ადამიანებშია, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, ცოდნით, გამოცდილებით, პატრიოტიზმით, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებებით მომავალ თაობას განვითარების სწორ და თანაბარ შესაძლებლობებს უქმნიან.
როგორ ამზადებს სტუდენტებს "საქართველოს უნივერსიტეტი" სამომავლო გამოწვევებისთვის, როგორც კარიერული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით?
ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ საქართველო ევროპისკენ მიისწრაფის, არ ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველო "ღარიბი მეზობელი" იქნება, რომელიც მხოლოდ ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რასაც ევროპა სთავაზობს. ჩვენ ძალიან ძლიერი მიმწოდებლები ვიქნებით.
ეს არის ჩვენი ისტორიული რაკურსი, კოლხური ცივილიზაცია, ვახტანგ გორგასლის მემკვიდრეობა, ქრისტიანული სარწმუნოება, სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა, ეს ჩვენი წინაპრების დანატოვარია, რომელიც დასავლეთთან გვაკავშირებს.
მიუხედავად იმისა, საქართველო ისტორიულ წარსულში არაერთი დიდი აღმოსავლური იმპერიის საზღვრებში მოექცა, ჩვენ ევროპული ღირებულებები არ დაგვიკარგავს. ამ საფუძვლების თანაშემოქმედები ვართ. ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციის ნაწილს ჩვენს ეროვნულ კულტურასთან ერთად ვინახავთ.
საქართველო არის ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი. ჩვენ ვართ პირველი მოსაზღვრეები. ამიტომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მისი სამეზობლო იყოს კეთილგანწყობილი ევროპული ღირებულებების მიმართ.
"საქართველოს უნივერსიტეტი", როგორც ერთგვარი ხიდი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს შორის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებს, საზოგადოებაში ევროპული განათლება და სტანდარტი დანერგოს.
ჩვენი მიზანია სტუდენტებს ჰქონდეთ მეტი მიმღებლობა, სანდოობა და ღიაობა ევროპული კულტურის მიმართ, რადგან ისინი თავიანთ ქვეყნებში ლიდერებად და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ყალიბდებიან.
უნივერსიტეტის წარმატების საზომი, პირველ რიგში, არის კურსდამთავრებულთა წარმატება. "საქართველოს უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულთა 96% დასაქმებულია. ეს ფაქტი, თავისთავად, წარმატებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. რითაც უნივერსიტეტის მისია და ღირებულებები კიდევ უფრო ფართოვდება.
"საქართველოს უნივერსიტეტს" აქვს ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს მის მისიას და ხედვას, როგორიცაა ჰუმანური და ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობები. შეიძლება, უნივერსიტეტის ხედვა და მიზნები დროის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდეს, მაგრამ ჩვენი ძირეული ღირებულებები უცვლელი რჩება.
როგორია მულტიკულტურული გარემო, რომელსაც უნივერსიტეტი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს?
"საქართველოს უნივერსიტეტში" არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ადაპტირებული გარემო საქართველოში. საბჭოთა კავშირის რკინის ფარდის მიღმა მოქცეული საქართველო ნაკლებად იყო ცნობილი დანარჩენი სამყაროსთვის. ჩვენი მისია სწორედ ისაა, რომ ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
საერთაშორისო სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან და ცოდნას იღებენ, თავიანთ ქვეყნებში ჩვენს კულტურულ ღირებულებებთან ერთად ბრუნდებიან. მათთვის საქართველო ახალგაზრდობის მოგონებად, სიყვარულად და ნოსტალგიად რჩება. ისინი საქართველოს ელჩები ხდებიან, რაც ქართველ სტუდენტებს, ქართული ბიზნესის სექტორს საზღვრებს გარეთ განვითარების საშუალებას აძლევს.
"საქართველოს უნივერსიტეტში" 75-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ერთიანდება. ჩვენთან, დაახლოებით, 6000 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს, რაც საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა. გვაქვს საშუალება, მათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და კულტურა გავუზიაროთ.
რით არის გამორჩეული სერვისი, რომელსაც სტუდენტებს სთავაზობთ და რატომ უნდა აირჩიონ მათ "საქართველოს უნივერსიტეტი"?
სერვისი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. "საქართველოს უნივერსიტეტს" აქვს თავისუფალი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მულტიკულტურული გარემო. ჩვენთან ქვეყნის საუკეთესო პროფესორები ასწავლიან. სტუდენტები მაღალი ხარისხის, თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესაბამის ცოდნას იღებენ.
ჩვენი პროგრამები აგებულია ისე, რომ კურსდამთავრებული წლების შემდეგაც კონკურენტუნარიანი იყოს. ჩვენ ვხედავთ გარემოს, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური პროგრესის ხარჯზე, ამიტომ რთულია თქვა, რას მოგვიტანს მომავალი. "საქართველოს უნივერსიტეტის" მთავარი მიზანიც ისაა, რომ სტუდენტი სამომავლო გამოწვევების და გარდატეხისთვის მოამზადოს. ისინი მომავლის ლიდერები არიან, რომლებიც არამარტო უმკლავდებიან ცვლილებებს, თავად ქმნიან ნიადაგს ამ ცვლილებებისთვის.
როგორია თქვენი მომავლის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს უნივერსიტეტი და ამავდროულად, შეინარჩუნოს საკუთარი ღირებულებები?
ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველო, სადაც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. ამისთვის უმთავრესია, გვქონდეს ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება. გვსურს, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი თავის რეალიზების სრული შესაძლებლობა ჰქონდეთ.
არ შეიძლება საქართველო მსოფლიოში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებს ჩამორჩეს. ჩვენ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს ფეხი უნდა ავუწყოთ, რათა მსოფლიო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ყველა ადამიანს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება მიეცეს.
დემოკრატია და ინოვაცია განაპირობებს მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნება არის ყველაფერში, აზრებში, ადამიანებში, ცვლილებებში. ტოტალიტარული საზოგადოება მიისწრაფის ერთფეროვნებისკენ, დემოკრატიის მთავარი ღირებულება არის საზოგადოებრივი აზრის, შეხედულების, ჩაცმულობის, მუსიკალური გემოვნების მრავალფეროვნება. ჩვენ ასეთი საზოგადოება გვსურს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი იქნება არა დასჯილი, არამედ წახალისებული.
იმისათვის, რომ დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი სახელმწიფო შევქმნათ, უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა ჩვენი შრომის შედეგს სხვა არ დაეუფლოს. ვისაც ჩვენი სიკეთეების ხელში ჩაგდება სურს, მათ წინაშე ძლიერები უნდა ვიყოთ. როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო და საერთაშორისო პარტნიორული თვალსაზრისით.
მარტო ვერც ადამიანი და ვერც ქვეყანა იქნება ძლიერი. მას სჭირდება, იყოს ფართო ცივილიზაციის ნაწილი. ამიტომ, საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპულ ცივილიზაციაში და სამომავლოდ იქნება კიდეც ევროკავშირის წევრი.
სახელი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის გააზრებული პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. "საქართველოს უნივერსიტეტი" ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის გამგრძელებელია და იღებს ვალდებულებას, განათლებული თაობებით ქვეყანას თანამედროვე, ძლიერი და ევროპული მომავლის შენებაში დაეხმაროს.