"სივრცე" - სტარტაპი, რომელიც ადამიანურ საჭიროებებს რეალურ გადაწყვეტილებებს უძებნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზოგი იდეა მოულოდნელად ჩნდება - როგორც ნაპერწკალი, რომელიც სრულიად ახალ მიმართულებას აჩენს. მაგრამ არის იდეები, რომლებიც ყოველდღიურობაში ფესვგადგმული პრობლემებიდან იბადება და სწორედ ასეთი შემთხვევაა "სივრცე" - სტარტაპი, რომელიც იქ ჩნდება, სადაც ადამიანებს ყველაზე მარტივი კითხვები უპასუხოდ რჩებათ: სად წავიდეთ მეგობრებთან ერთად? სად არის ვეგანური მენიუ? ან სად შეიძლება შინაური ცხოველების წაყვანა ისე, რომ სხვა ყველა კრიტერიუმმა ერთ სივრცეში მოიყაროს?

"სივრცის" ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ანა ერისთავი, ამბობს: "ჩვენი სტარტაპის წამოწყებისთვის რამე განსაკუთრებული spark-ი არ გვჭირდებოდა, რადგან ეს პრობლემა თითქმის ყოველდღე გვაწუხებდა - ყველა კრიტერიუმით უნდა გვეპოვა ერთი ობიექტი, რომელიც მთელი სამეგობროს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა".

ამ ფონზე იდეა იმდენად ბუნებრივად წამოვიდა, რომ მის განხორციელებას განსაკუთრებული თეორია არ დასჭირვებია. ეს იყო ყოველდღიური დისკომფორტისგან გამოწვეული რეაქცია, რომელსაც გუგა მუჩიაშვილისა და ანა ერისთავის გამოცდილება და ენთუზიაზმი დაემატა.

მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება, იპოვოს მის მოთხოვნებზე მორგებული სივრცე - სწრაფად, ეფექტიანად და მარტივად.

სახელიც შესაბამისი იყო. როგორც გუგა იხსენებს, "სახელიც ღირებულებების მიხედვით ავარჩიეთ - catchy-ი და ადვილად დასამახსოვრებელი. თან ხაზს უსვამს ჩვენი სტარტაპის ფუნქციას - სასურველი სივრცეების განთავსებას და პერსონალიზებული რეკომენდაციების მოძებნას".

"სივრცე" იმ იშვიათი სტარტაპების კატეგორიაში ხვდება, რომელთა უკანაც მტკიცე და საფუძვლიანი ცოდნა დგას. გუგა პროფესიით დეველოპერია და მას უკვე ჰქონდა მუშაობის გამოცდილება სხვა სტარტაპებზე, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე ოპერირებდნენ. ანა კი მარკეტინგისა და კონტენტის შექმნის მიმართულებით აქტიური მოთამაშეა - ამჟამად ის პარალელურად AIESEC in Georgia-ს ციფრული მარკეტინგის გუნდსაც ხელმძღვანელობს. გუნდის დანარჩენი წევრებიც გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც მენტორების, ნეთვორქინგისა და საერთო ინტერესის მეშვეობით გაერთიანდნენ.

"თითოეული ჩვენგანი რაღაც მიმართულებით უკვე აქტიური იყო. ერთმანეთი ნეთვორქინგით ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, ასე საინტერესოდ გამოგვეყენებინა გამოცდილება", - დასძენს ანა.

"სივრცე" "ალტე უნივერსიტეტის" სტარტაპ მარათონშიც მონაწილეობდა, სადაც რამდენიმე პრიზის მფლობელი და ჟიურის წევრების რჩეული იდეაც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი უკვე მზად ჰქონდათ, ამ მარათონში მონაწილეობის დაწყებისას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე არ იცოდნენ პასუხი.

"არ ვიცოდით, სწორად როგორ შეგვექმნა სტარტაპის ისტორია, რა გამოგვარჩევდა კონკურენტებისგან და რა მიმართულებით უნდა წაგვეყვანა pitch-ი", - იხსენებს გუგა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტარტაპ მარათონის დღეებში გუნდი პრაქტიკულად "24/7-ზე" მუშაობდა და მხოლოდ პრეზენტაციის პირველი ნაწილისთვის მინიმუმ ათი განსხვავებული ვარიანტი ჰქონდა მოფიქრებული.

კონკურენცია იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. "ძალიან ბევრი კარგი იდეა იყო წარმოდგენილი - პლასტმასის გადამუშავებიდან დაწყებული, დრონებით დამთავრებული. ბოლომდე არ ვიცოდით, რომ ამდენ პრიზს ერთად მოვიგებდით", - აღნიშნავს ანა.

ერთ-ერთ მთავარ გადამწყვეტ ფაქტორად გუნდმა მენტორების მხარდაჭერა დაასახელა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები უჩა ძიმისტარიშვილთან, რომელმაც გუნდს ბევრი ღირებული რჩევა მისცა. "უჩამ ჩაგვიტარა ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იმ აქცენტებს გავუსვით ხაზი, რისი გაუმჯობესებაც გვჭირდებოდა - მასთან ერთად ვიპოვეთ პასუხი კითხვაზე "რატომ სივრცე?", - ამბობს ანა. ამ შეხვედრებმა არა მარტო პროდუქტიული იდეები მოუტანა გუნდს, არამედ სტარტაპის კონცეფციის გამარტივება და მომხმარებელზე მორგებული სტრატეგიის ჩამოყალიბება შეძლო.

გუგა და ანა ფიქრობენ, რომ როცა სტარტაპზე მუშაობას იწყებ, პირველ რიგში, საკუთარ თავში რწმენის გამონახვა გიწევს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც მათ მუშაობისას მიიღეს. მიუხედავად სკეპტიციზმისა, მათ მაინც დაუჯერეს საკუთარ იდეას და ბოლომდე მიჰყვნენ მას.

"ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლეთ, ის არის, რომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი იდეის, - გვიყვება ანა, - საწყის ეტაპზე ჩვენ გარშემო ყველა საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი - ფიქრობდნენ, რომ დიდ კომპანიებს კონკურენციას ვერ გავუწევდით. მენტორინგზე ისიც ვისწავლეთ, რომ სტარტაპების დაახლოებით 1% აღწევს საბოლოო მიზანს - მაგრამ ამან კი არ შეგვაშინა, უფრო მეტად დაგვარწმუნა, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს ის ენთუზიაზმი და სურვილი, რომ "სივრცე" ზუსტადაც იმ 1%-ში იყოს".

ამ ენთუზიაზმს ყოველდღიური ძალისხმევა მოჰყვა. "სივრცე" აღარ იყო მხოლოდ იდეა - ის გახდა დამფუძნებლების კალენდარში პრიორიტეტული მოვლენა, რომლისთვისაც დღეს მთლიანად ათავისუფლებდნენ და სხვა აქტივობებზე, როგორც წესი, უარსად ამბობდნენ ხოლმე.

"სივრცე" არის პროექტი, რომლისთვისაც გავათავისუფლებთ მთელ დღეს გუგლის კალენდარში, უარს ვიტყვით მეგობრებთან ერთად სეირნობაზე და ა.შ., - ამბობს ანა, - ჩვენი გუნდის უმრავლესობას უნდა საზღვარგარეთ სწავლა და ყველამ იცის, რომ აპლიკაციაში სასურველია გქონდეს ერთი passion project-ი. ასე ეძახიან ამერიკელები იმ პროექტებს, რომელსაც იმისთვის კი არ აკეთებ, რომ CV-ში ჩაიწერო, ან იმიტომ ,რომ ვალდებული ხარ, არამედ იმიტომ, რომ, უბრალოდ, გაინტერესებს და გიხარია მასზე მუშაობა. სწორედ ასეთი პროექტია ჩვენთვის "სივრცე".

გუნდმა იცის, რომ მათი იდეა არ არის მხოლოდ პირადი თვითრეალიზაციის საშუალება - მას რეალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე. ის ადამიანები, რომლებიც საათობით ათვალიერებენ სოციალურ ქსელებს იმის იმედით, რომ საინტერესო ადგილი აღმოაჩინონ, ერთ აპლიკაციაში მიიღებენ მოკლე გზას გადაწყვეტილებამდე.

"საზოგადოებისთვის, B2C სექტორისთვის, ჩვენი სტარტაპი არის საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი, - გვიმხელს გუგა, - თინეიჯერებს აპოვნინებს ადგილებს მეგობრებთან ერთად გასართობად. ვისაც ექსპლორინგი უყვარს, აღმოაჩენინებს ახალ, საინტერესო ობიექტებს. B2B სექტორისთვის კი კიდევ უფრო ვართ ვიტამინი - მათ ვეხმარებით, იპოვონ მეტი და მეტი მომხმარებელი თავიანთი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, "სივრცე" ადამიანებისთვის საუკეთესო დამხმარეა, ობიექტებისთვის კი დამატებითი თანამშრომელი".

სტარტაპ მარათონში მონაწილეობა გუნდის ხედვასაც შეეხო. ინოვაცია მათთვის ყოველთვის იყო მიმზიდველი, მაგრამ მანამდე ეს თითქოს შორეული, მომავლის მიზანი ჩანდა. მარათონმა კი აჩვენა, რომ იდეების რეალიზება ახლავე, რეალურ დროშია შესაძლებელი.

"ჩვენი გუნდის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ ტექნოლოგიური განვითარება, ინოვაციური იდეების მოფიქრება და ა.შ. არის სწორედ ის მიმართულება, სადაც მუშაობა გულწრფელად გვიხარია, ამბობს ანა, - ეს ყოველთვის გააზრებული გვქონდა, თუმცა მარათონზე მივხვდით, რომ ჩვენი იდეების არა მარტო არ გვჯერა, არამედ აქ და ახლავე შეგვიძლია რეალური ნაბიჯების გადადგმა".

გეგმა მხოლოდ იდეად არ რჩება - ის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებად იშლება. გუნდი ამჟამად მუშაობს "სივრცის" პირველ ვერსიაზე, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს.

"ჩვენი დეველოპერები აქტიურად მუშაობენ, რომ 1-1,5 თვეში მზად იყოს "სივრცის" MVP, - ამბობს გუგა, - ასევე, ვმუშობთ ჩვენს ბრენდბუქსა და მარკეტინგის სტრატეგიაზე. ვფიქრობთ, ზაფხულისთვის კომპანია უკვე მზად იქნება მიიღოს პირველი მომხმარებლები. სპოილერი: მოლაპარაკებები გვაქვს ანდროიდ დეველოპერებთანაც, რომ მალე "სივრცე" აპლიკაციის სახითაც შემოგთავაზოთ".

როდესაც ხედავ, რომ იდეას ის რეალური ფორმა ეძლევა, რომელსაც სხვები უკვე ელოდებიან, ბუნებრივად ჩნდება მომავლის გეგმებიც. გუნდი არ აპირებს გაჩერებას და მიზნად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ისახავს.

"პრეზენტაციის დროს ხაზი გავუსვით ჩვენს თაიმლაინს და სამჯერ მაინც ვახსენეთ, რომ ძალიან ამბიციურები ვართ, - აღნიშნავს ანა, - აუცილებლად გავალთ საერთაშორისო ბაზარზე, ჩვენი გათვლებით, 2028 წლის შემდეგ. აქტიურად ვმუშობთ ამ საკითხზე და გვჯერა, რომ "სივრცე" არის ის სტარტაპი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გარეთაც გაიბრწყინოს".

ანა და გუგა ამბობენ, რომ "სივრცე" ახლა უკვე ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ინოვაციური პლატფორმა. ეს არის გუნდის რწმენა, ენთუზიაზმი, თავდადება და ის საერთო მიზანი, რომელსაც არ სჭირდება არც დიდი კორპორაციული ბიუჯეტი და არც რთული სლოგანები. საჭიროა, უბრალოდ, ნამდვილი პრობლემა, რომელიც გულწრფელად გაწუხებს - და გუნდი, რომელსაც მისი გადაჭრა მართლა უნდა.

დღეს "სივრცე" კვლავ განვითარების პროცესშია, თუმცა უკვე მყარად დგას ბაზარზე და მიზნად ისახავს, მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ყოველდღიური გადაწყვეტის ნაწილი. გუნდი გეგმავს ფუნქციონალის გაფართოებას, დამატებით სეგმენტებზე გასვლასა და ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ პრაქტიკული და პერსონალიზებული იქნება.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე

ტექნოლოგიური ტრენდები

მარტივად ტოკენებსა და NFT-ზე

NFT-ის ყველაზე პოპულარული სახეობა ციფრული ხელოვნების ნიმუშებია