Axen Consulting – ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია ბიზნესის ტრანსფორმაციისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემო დინამიკურია – ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილია, ტექნოლოგიური განვითარება კი არსებითად ცვლის თამაშის წესებს. ასეთ რეალობაში კომპანიებისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ არსებული სტრატეგიების შენარჩუნება. მათ სჭირდებათ სისტემური მიდგომა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს. სწორედ აქ იძენს საკონსულტაციო მომსახურება ახალ, სტრატეგიულ დატვირთვას. სწორად სტრუქტურირებული კონსულტაცია შესაძლოა იქცეს გარდამტეხ ძალად – ისეთ კატალიზატორად, რომელიც ორგანიზაციის ზრდის ახალ ეტაპს განსაზღვრავს, ამარტივებს პროცესების გამარტივებას და ადამიანური რესურსის სრულფასოვან რეალიზაციას უწყობს ხელს.

Axen Consulting სწორედ ამ მიდგომის ცოცხალი მაგალითია. მისი გამოცდილება აჩვენებს, როგორ შეუძლია სწორ კონსულტაციას არა მხოლოდ მოკლევადიანი პრობლემების გადაწყვეტა, არამედ ორგანიზაციის შიდა სისტემების გაძლიერება ისე, რომ კომპანიამ დამოუკიდებლად, მდგრადად და გონივრულად უპასუხოს მომავალ გამოწვევებს.

Axen Consulting ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური და ბიზნესტრანსფორმაციის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გამოჩნდა. თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება – იმ დროიდან, როცა გუნდი AgileSchool-ის სახელით წარმატებით ოპერირებდა და მომხმარებელს სთავაზობდა როგორც ინდივიდუალურ ტრენინგებს, ისე B2B სეგმენტისთვის გათვლილ სერვისებს.

Axen Consulting-ის ხედვაზე, სერვისებზე, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე Entrepreneur კომპანიის დამფუძნებელს, ალექს გიჯაშვილს ესაუბრა:

"Axen Consulting-ის, როგორც ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანიის ჩამოყალიბება ჩვენი საქმიანობის გაფართოებისა და სტრუქტურული განვითარების ბუნებრივი ეტაპია, რომელიც ჩვენი პირველი ბრენდის, AgileSchool-ის, წარმატებულმა ოპერირებამ განაპირობა. AgileSchool თავდაპირველად ორ ძირითად მიმართულებაზე მუშაობდა: ის მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებს სთავაზობდა ინდივიდუალურ მომხმარებლებს. მეორე მხრივ, დაარსების დღიდან აქტიურად ვთანამშრომლობდით ბიზნესსეგმენტთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიებს ვთავაზობდით სპეციალიზებულ ტრენინგებს, ასევე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ და ბიზნესკონსულტაციებს. საქმიანობის დაწყებიდან მალევე ჩვენი ოპერირება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ბოლო ერთი წელია, აქტიურად ვმუშაობთ უზბეკეთის ბაზარზეც".

საქმიანობის მასშტაბების ზრდამ და წარმატებულმა პროექტებმა გუნდი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ საჭირო იყო საკონსულტაციო სერვისის სრულფასოვნად განვითარება. ასე დაარსდა Axen Consulting – ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დამოუკიდებელი ბრენდია.

"ზრდამ და გეოგრაფიულმა გაფართოებამ ნათლად დაგვანახა, რომ საკონსულტაციო პროექტები სულ უფრო მასშტაბური, სტრატეგიული და კომპლექსური ხდებოდა. B2C ტრენინგებისა და B2B კორპორაციული ტრანსფორმაციის მიმართულებები თავისი არსით ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებსა და საოპერაციო მოდელებს მოითხოვდა. ამიტომ სტრატეგიულად აუცილებელი გახდა ისეთი ბრენდის შექმნა, რომლის იდენტობაც სრულად ასახავდა ტექნოლოგიური და ბიზნესკონსულტაციის სიღრმესა და პასუხისმგებლობას. შესაბამისად, Axen Consulting-ის, როგორც დამოუკიდებელი ბრენდის ჩამოყალიბება, იყო მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული სტრატეგიული გადაწყვეტილება. ეს AgileSchool-ს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო გაიმყაროს ლიდერის პოზიცია სასწავლო პროგრამების ბაზარზე და სრულად ფოკუსირდეს საგანმანათლებლო მიმართულებაზე", – განმარტავს ალექს გიჯაშვილი.

ამ სტრატეგიული არჩევანით Axen Consulting-ის და AgileSchool-ის გუნდი ბაზარზე თავის ძლიერ ნიშას იკავებს და მკაფიო გზავნილს გასცემს, რომ კომპანია მზად არის, ორი დამოუკიდებელი ბრენდით, ორივე სფეროში სერვისის უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდროს და ღირებული გამოცდილება შექმნას.

Axen Consulting-ის მომსახურება მრავალფეროვანია, თუმცა გუნდი სერვისებს არ განიხილავს, როგორც იზოლირებულ პროდუქტებს – აქ არ შეხვდებით პროდუქტებს როგორც "გამზადებულ ფორმულებს", არც უნივერსალურ გადაწყვეტებს. კომპანიის მიდგომა თავიდანვე ეყრდნობა ღრმა დაკვირვებას, რომ ყოველი ორგანიზაცია უნიკალურია თავისი იდენტობით, კულტურით, გამოწვევებით, უპირატესობებითა და სტრატეგიული ამბიციებით.

"არ არსებობს ორი ერთნაირი ორგანიზაცია, შესაბამისად, თითოეულ კლიენტთან ჩვენი მიდგომა სრულიად უნიკალურია და მის კონკრეტულ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, ეს ინდივიდუალური სტრატეგია ყოველთვის ჩვენ მიერ შემუშავებულ ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება, რომელთა გარშემოც ჩვენი სერვისებია დაჯგუფებული:

სტრატეგიული საფუძვლის შექმნა: ნებისმიერი წარმატებული ტრანსფორმაცია იწყება მკაფიო ხედვითა და მიზნებით. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, ჩამოაყალიბონ და დანერგონ სტრატეგიული მიზნებისა და შედეგების (OKR, KPI) სისტემა. ეს უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის ყველა რგოლი – უმაღლესი მენეჯმენტიდან თითოეულ გუნდამდე – ერთიანი, გაზომვადი მიზნების გარშემო იყოს გაერთიანებული. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ IT მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე, რათა ტექნოლოგიური სტრატეგია პირდაპირ პასუხობდეს ბიზნესის პრიორიტეტებს.

ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაცია: სტრატეგიის ეფექტიანად განსახორციელებლად საჭიროა სწრაფი და მოქნილი ოპერაციული მოდელი. სწორედ აქ შემოდის ჩვენი ექსპერტიზა Agile ტრანსფორმაციასა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაში. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, დაამსხვრიონ ბიუროკრატიული ბარიერები, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და გააუმჯობესონ ციფრული პროდუქტებისა და პროექტების მიწოდების მექანიზმები, რათა ღირებულება მომხმარებლამდე ბევრად სწრაფად მივიდეს.

ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება: თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგია ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილში, განსაკუთრებით Atlassian-ის ეკოსისტემის (Jira, Confluence) დანერგვით, რაც ქმნის გამჭვირვალე და ცენტრალიზებულ სამუშაო სივრცეს. ამასთან, ვნერგავთ ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს, რაც თანამშრომლებს რუტინული სამუშაოსგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზაციებთან პროგრამული უზრუნლველოყოფის მოდერნიზაციის მიმართულებით.

ორგანიზაციული სწავლება: ტრანსფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ადამიანია. არცერთი პროცესი და ტექნოლოგია არ იმუშავებს შესაბამისი სამუშაო კულტურისა და უნარების გარეშე. ჩვენი Learning & Development as a Service და ორგანიზაციული სწავლებისა და ლიდერობის პროგრამები მიზნად ისახავს უწყვეტი განვითარების კულტურის შექმნას. ჩვენ ვეხმარებით ლიდერებსა და თანამშრომლებს, შეიძინონ ორგანიზაციის ეფექტიანობისთვის საჭირო უანრები და კომპეტენციები", – ალექს გიჯაშვილი.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Axen Consulting-ის მიდგომა არ ემსახურება მხოლოდ ცალკეული პრობლემის იზოლირებულ გადაწყვეტას. კომპანიის სერვისები ისეა სტრუქტურირებული, რომ ის უზრუნველყოფს თითოეული ორგანიზაციის სისტემური გამძლეობის ზრდას – ერთგვარი "იმუნური სისტემის" გაძლიერებას, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მომავალის გამოწვევებს და მიაღწიოს მდგრად განვითარებას.

თანამედროვე რეალობაში საკონსულტაციო მომსახურება დროსთან ერთად კომპანიების განვითარების პროცესში გადამწყვეტ როლს იძენს. როგორც ალექს გიჯაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, დღეს კომპანიები საჭიროებენ არა იზოლირებულ ინსტრუმენტებს, არამედ ფუნდამენტურ, გაზომვად შედეგებს.

"ჩვენი დაკვირვებით, კომპანიების მხრიდან საკონსულტაციო სერვისებზე მოთხოვნა განისაზღვრება არა ზოგადი ტრენდით, არამედ კომპანიის განვითარების კონკრეტული ეტაპით, მისი უნიკალური გამოწვევებითა და იმით, თუ რა სჭირდება მას დროის მოცემულ მომენტში ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ჩვენი სამუშაო პროცესი ყოველთვის დეტალური დიაგნოსტიკით იწყება. მაგალითად, მზარდი კომპანიისთვის, რომლის პროცესებიც ზრდას ვეღარ ეწევა და ქაოსური ხდება, უპირველესი ამოცანა ოპერაციული მოდელის ოპტიმიზაცია და ავტომატიზაციაა. პარალელურად, დიდი და სტაბილური ორგანიზაციის შემთხვევაში, რომელიც ბაზრის ცვლილებებს ნელა პასუხობს, შესაძლოა მთავარი გამოწვევა მოქნილი, ე.წ. Agile კულტურის დანერგვა და ბიუროკრატიის შემცირება იყოს. არის შემთხვევები, როცა კომპანიას ჰყავს ძლიერი გუნდები, მაგრამ სტრატეგიული მიზნების შესრულება უჭირს. ასეთ დროს ფოკუსი (მიზნებისა და საკვანძო შედეგების (OKRs) სისტემის ჩამოყალიბებაზე გადადის, რათა ერთიანი ხედვა შეიქმნას", – ამბობს ალექს გიჯაშვილი.

როგორც Axen Consulting-ის დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, თანამედროვე რეალობაში ორგანიზაციები საკონსულტაციო კომპანიების სახით ეძებენ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც მათ ბიზნესს სიღრმისეულად გააანალიზებს და შესთავაზებს არა უნივერსალურ, არამედ სწორედ მათთვის შექმნილი გადაწყვეტილებების კომპლექსურ პაკეტს.

ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ბიზნესის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტები წარმატების ძირითადი განმსაზღვრელია. როგორც ალექს გიჯაშვილი აღნიშნავს, Axen Consulting-ის გუნდისთვის ბიზნესი და ტექნოლოგია არ არის ორი განსხვავებული სამყარო, რომლებიც ერთმანეთს "უნდა დაუკავშირდეს". ტექნოლოგია არა მხოლოდ უზრუნველყოფს ოპერაციების გამართულ მუშაობას, არამედ ბიზნესს აძლევს უნარს, შეიგრძნოს და ადაპტირდეს სწრაფად ცვალებად გარემოსთან.

"ჩვენი მიდგომით, ტექნოლოგია თანამედროვე ორგანიზაციის ცენტრალური ნერვული სისტემის მსგავსად მუშაობს. ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია აღარ არის IT დეპარტამენტი, რომელსაც დამხმარე ფუნქცია აქვს და ბიზნესისგან დავალებებს იღებს. ის ტრანსფორმირდა ბიზნესსტრატეგიის განუყოფელ ნაწილად და კონკურენტული უპირატესობის მიღწევისა თუ შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ არ ვმუშაობთ პრინციპით, სადაც ბიზნესი ადგენს მოთხოვნას და შემდეგ მას "გადასცემს" ტექნოლოგიურ გუნდს. ჩვენი ჩართულობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ლიდერები თავიდანვე ერთ მაგიდასთან სხედან. სტრატეგია იქმნება ერთობლივად, პრობლემები წყდება ერთობლივად, შესაბამისად, წარმატებაც და პასუხისმგებლობაც საერთოა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის ექსპერტები მუშაობენ ორ ფოკუსში: ბიზნესის (შედეგები, ROI, ბაზრის წილი) და ტექნოლოგიების (არქიტექტურა, პროცესები, სისტემები) მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ორგანიზაციები, სადაც ტექნოლოგიური გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ლოგიკას ეფუძნება, ბიზნესიდეები კი მყისიერად პოულობენ ტექნოლოგიურ რეალიზაციას", – განმარტავს Axen Consulting-ის დამფუძნებელი.

დღევანდელ ბიზნესგარემოში ბევრი კომპანია ცდილობს არა მხოლოდ ბაზრის დაპყრობას, არამედ იმ სირთულეებთან გამკლავებასაც, რომლებიც ზრდას ახლავს თან. სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება საჭიროება ისეთი პარტნიორის, რომელიც ტექნოლოგიურ კომპეტენციას სტრატეგიულ ხედვასთან აერთიანებს. Axen Consulting საკუთარ თავს სწორედ ამ პოზიციაში ხედავს – იმ ორგანიზაციებისთვის შექმნილ პარტნიორად, რომლებიც საკუთარი წარმატების შედეგად წარმოქმნილ შიდა ბარიერებს უნდა გაუმკლავდნენ, რათა შემდეგი ზრდის ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც ალექს გიჯაშვილი ამბობს, სწრაფი ზრდის პროცესში კომპანიები ხშირად აგროვებენ ე.წ. ორგანიზაციულ ვალს – დროებით გადაწყვეტილებებს, არაეფექტიან პროცესებსა და მოძველებულ სტრუქტურებს, რომლებიც ადრე შედეგს იძლეოდა, მაგრამ ახალ ეტაპზე უკვე ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. Axen Consulting-ის კლიენტები სწორედ ის ლიდერები არიან, რომლებიც ამ შეფერხებას აცნობიერებენ და ცვლილებების საჭიროებას ხედავენ.

კომპანიის მისიაა, დაეხმაროს მათ ამ "ორგანიზაციული ვალის" სტრატეგიულ გადახედვაში – საწყისი პროცესების, სტრუქტურების და მართვის მოდელების გადააზრებითა და გადამუშავებით. ეს მიდგომა ქმნის მყარ საფუძველს არა მხოლოდ ტექნიკური გაუმჯობესებისთვის, არამედ მდგრადი, გრძელვადიანი ზრდისთვის.

Axen Consulting განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს მაღალი დინამიკის მქონე ინდუსტრიებთან, სადაც ტრანსფორმაციის საჭიროება მუდმივად ცოცხალი პროცესია. მათ შორის არიან საბანკო და სადაზღვევო კომპანიები, ტელეკომუნიკაციისა და ტექნოლოგიური ბიზნესები, ასევე სწრაფად ცვალებადი სათამაშო ინდუსტრია – სექტორები, რომელთაც მუდმივად ესაჭიროებათ ადაპტაცია და ოპერაციული მოქნილობა.

საკონსულტაციო სფეროში წარმატების განსაზღვრა ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე, უბრალოდ, პროექტის დროულად დასრულება. Axen Consulting-ის გუნდისთვის წარმატება მხოლოდ საბოლოო შედეგი კი არა, მის მიღწევამდე გავლილი გზის ხარისხია – იმ ცვლილებების სიღრმე, რომელიც რჩება მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება.

"ჩვენთვის წარმატება მრავალკომპონენტიანია და როგორც მყარ, რიცხობრივ მონაცემებს, ისე ადამიანურ ფაქტორებს მოიცავს. ჩვენი თანამშრომლობის პირველსავე ეტაპზე, შეფასების ფაზაში, კლიენტთან ერთად განვსაზღვრავთ საწყის მაჩვენებლებს. ეს შეიძლება იყოს პროცესის სისწრაფე, ხარჯი, პროდუქტიულობის კოეფიციენტი თუ სხვა კრიტერიუმი. შესაბამისად, ჩვენი წარმატების პირველი, ფუნდამენტური საზომი არის ამ რიცხვების ხელშესახები და გაზომვადი გაუმჯობესება. თუმცა ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ციფრები სრულ სურათს ვერასდროს გვაჩვენებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გაზომვა, როგორიცაა თანამშრომლების ჩართულობა და კმაყოფილების ხარისხი, გუნდური მორალი და თავად ლიდერების განცდა, რომ ისინი პროცესებს უკეთ მართავენ. სწორედ ამიტომ, წარმატების შემდეგი დონე კლიენტის შიდა შესაძლებლობების განვითარებაა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრა, არამედ კლიენტის გუნდებისთვის იმ ცოდნისა და ინსტრუმენტების გადაცემა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მომავალში გამოწვევებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ. დაბოლოს, ჩვენი სამუშაო მაშინ არის ნამდვილად წარმატებული, როდესაც იმავე პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი დახმარება კლიენტს მეორედ აღარ სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა უბრალოდ "შევაკეთეთ" რაღაც, არამედ დავეხმარეთ კომპანიას მდგრადი, თვითგანვითარებადი სისტემის შექმნაში, სადაც ადამიანური რესურსიც უფრო ეფექტურია და პროცესებიც უკეთ მუშაობს".

Axen Consulting-ის მიდგომა თეორიას არ ეყრდნობა – მათი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სტრატეგიული ჩარევა ხელშესახებ ცვლილებად იქცევა. Entrepreneur-ის თხოვნით, კომპანია კონფიდენციალურობის დაცვით ორ შემთხვევას გვიზიარებს, სადაც კარგად იკვეთება, როგორ გავლენას ახდენს სწორად სტრუქტურირებული კონსულტაცია პროცესებზე, პროდუქტიულობასა და შიდა კულტურაზე.

"ერთ-ერთი ქეისი შეეხებოდა Agile ტრანსფორმაციასა და პროცესების ოპტიმიზაცია ფინანსურ სექტორში. ერთ-ერთი მსხვილი, მკაცრი იერარქიული სტრუქტურის ფინანსური ინსტიტუტი ბაზრის ცვლილებებზე რეაგირების დაბალი სიჩქარით გამოირჩეოდა. ახალი პროდუქტის ბაზარზე გატანას თვეები სჭირდებოდა, რაც გამოწვეული იყო მრავალსაფეხურიანი ბიუროკრატიული პროცესებითა და დეპარტამენტებს შორის გართულებული კომუნიკაციით. ჩვენ განვახორციელეთ კომპლექსური Agile ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავდა როგორც სამუშაო პროცესების, ისე კულტურის ცვლილებას. ორგანიზაციას დავეხმარეთ ბიზნესპროცესების სრულ ოპტიმიზაციაში, გავამარტივეთ გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი და დავნერგეთ გამჭვირვალე, ერთიანი სამუშაო სისტემა Atlassian-ის ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩვენი ჩართულობიდან ექვს თვეში, ახალი პროდუქტების ბაზარზე გატანის დრო საშუალოდ 30%-ით შემცირდა. გაიზარდა გუნდების ავტონომიურობა და პროდუქტიულობა, ხოლო მენეჯმენტმა მიიღო რეალურ დროში განახლებადი, გამჭვირვალე სურათი მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებზე.

შემდეგი ქეისი კი ეხება სტრატეგიული მიზნების დანერგვას ტექნოლოგიურ კომპანიაში. ერთ-ერთი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანია სწრაფად იზრდებოდა, თუმცა შიდა საქმიანობა ფრაგმენტული და ქაოსური იყო. გუნდები მუშაობდნენ იზოლირებულად, საკუთარი პრიორიტეტებით და არ არსებობდა ერთიანი, მკაფიო ხედვა, თუ რა იყო კომპანიის მთავარი მიზანი კვარტალში. ეს იწვევდა რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას და სტრატეგიული ინიციატივების შეფერხებას. ჩვენ დავეხმარეთ კომპანიას OKR (მიზნებისა და საკვანძო შედეგების) სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში. ეს პროცესი მოიცავდა როგორც უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის ვორქშოპებს სტრატეგიული მიზნების ფორმირებისთვის, ისე გუნდების ტრენინგს OKR-ების სწორად დასახვისა და შესრულების მონიტორინგისთვის. დანერგვიდან მეორე კვარტალში კომპანიის საკვანძო ინიციატივების 80%-ზე მეტი პირდაპირ დაუკავშირდა სტრატეგიულ მიზნებს. თანამშრომელთა ჩართულობის კვლევამ აჩვენა 25%-იანი ზრდა იმ მხრივ, რომ უკეთ ესმოდათ, როგორ უკავშირდებოდა მათი ყოველდღიური სამუშაო კომპანიის საერთო წარმატებას. შეიქმნა ერთიანი ფოკუსი და გაუმჯობესდა დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობა", – იხსენებს ალექს გიჯაშვილი.

Axen Consulting-ის მთავარი ღირებულება მის გუნდშია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით პროფესიული კომპეტენცია – ეს არის უნარი, ტექნიკური სიღრმე და ბიზნესხედვა ერთ მთლიანობაში გააერთიანონ. გუნდის წევრები საკუთარ თავს ე.წ. T-shape პროფესიონალებად მოიაზრებენ – ადამიანებად, რომლებიც სპეციფიკური კომპეტენციის მიღმა ხედავენ მთლიან სურათს და სწორედ ამიტომ ახერხებენ, რომ კომპლექსური ამოცანები ორგანიზაციულ წარმატებად გარდაქმნან.

"ჩვენი გუნდი სამი მთავარი კომპეტენციის უნიკალური ნაზავით გამოირჩევა:

ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება – პრობლემის ზედაპირული სიმპტომების მიღმა ფუნდამენტური მიზეზების დანახვის უნარი. ჩვენ ვშლით კომპლექსურ პრობლემებს მართვად ნაწილებად და ვქმნით ლოგიკურ, ეტაპობრივ სამოქმედო გეგმას, რაც ქაოსისგან თავის არიდების საშუალებას გვაძლევს.

პრაქტიკული გამოცდილება – ჩვენი ექსპერტები პრაქტიკოსები არიან. მათ თავად უმუშავიათ კორპორაციულ გარემოში მსგავს გამოწვევებზე და იციან, რა მუშაობს რეალობაში და არა მხოლოდ ფურცელზე. ეს პრაქტიკული გამოცდილება გვეხმარება, შევთავაზოთ კლიენტს რეალისტური გადაწყვეტილებები, რომლებიც მუშაობს.

ემპათია და კომუნიკაცია – ჩვენ გვესმის, რომ ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, ადამიანებთან მუშაობას გულისხმობს. ჩვენი გუნდის წევრებს შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა როგორც ტექნიკურ სპეციალისტებთან, ისე ბიზნესის ლიდერებთან და მოქმედებენ არა როგორც გარეგანი ექსპერტები, არამედ როგორც კლიენტის გუნდის სრულფასოვანი პარტნიორები", – ამბობს Entrepreneur-თან ინტერვიუში Axen Consulting-ის დამფუძნებელი.

კლიენტის უკუკავშირი ბევრი კომპანიისთვის, როგორც წესი, უბრალოდ, ხარისხის შეფასების ეტაპია. Axen Consulting-ში კი ეს პროცესის განუყოფელი, ზრდაზე ორიენტირებული ნაწილია. მიღებული შეფასებები არა მხოლოდ პრაქტიკული შედეგების ასახვაა, არამედ კომპანიის ღირებულებების ერთგვარი სარკეც – იმ გზავნილით, თუ როგორ აღიქვამენ კლიენტები გუნდს და რამდენად ღრმა ცვლილებებს აკავშირებენ მათ ჩართულობასთან.

ალექს გიჯაშვილის თქმით, პარტნიორებისგან მიღებული უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია. ეს გუნდისთვის იმის ნიშანია, თუ რა ღირებულება აქვს მათ სერვისს.

"კლიენტები ხშირად აღნიშნავენ ჩვენს უნარს, შევიტანოთ სიცხადე კომპლექსურ სიტუაციებში. ხშირად გვესმის, რომ ვეხმარებით მათ, დაალაგონ შიდა ქაოსი და სწორად შეაფასონ პრობლემა. ამას ბუნებრივად მოსდევს პრაქტიკული შედეგების ნაწილი, სადაც კლიენტები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენი მიდგომა არ შემოიფარგლება მხოლოდ რეკომენდაციებით, არამედ ვნერგავთ კონკრეტულ, მუშა ინსტრუმენტებს და ვეხმარებით მათ გუნდებს, შეიძინონ ახალი უნარები დამოუკიდებელი მუშაობისთვის. თუმცა ჩვენთვის ყველაზე ღირებულია, როდესაც უკუკავშირი სცდება კონკრეტული პროექტის შედეგებს და ეხება აზროვნების ცვლილებას. ჩვენი მუშაობის უმაღლესი შეფასებაა, როდესაც კლიენტები გვიზიარებენ, რომ ჩვენი ჩართულობის შემდეგ კომპანიაში პრობლემებისადმი პროაქტიული მიდგომა დამკვიდრდა და რომ ჩვენ აღგვიქვამენ არა როგორც დროებით კონსულტანტს, არამედ როგორც მათი გუნდის სტრატეგიულ პარტნიორს. ეს უკუკავშირი გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ვქმნით არა ერთჯერად, არამედ გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი პარტნიორებისთვის".

Axen Consulting-ის ისტორიაში საკვანძო ადგილი უკავია პირად პროფესიულ გამოცდილებას. კომპანიის დამფუძნებლის, ალექს გიჯაშვილის კარიერა სწორედ იმ გზის გავლით ჩამოყალიბდა, რასაც დღეს თავად სთავაზობს კლიენტებს – ტექნოლოგიური ცოდნისა და ბიზნესის გაგების ინტეგრაციას ერთიან, მდგრად სისტემაში.

"მე კარიერა დავიწყე, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სადაც უშუალოდ ვხედავდი, როგორ იქმნება ტექნოლოგიური პროდუქტები. თუმცა, კარიერულ წინსვლასთან ერთად, როდესაც მენეჯერულ პოზიციებზე გადავინაცვლე, სულ უფრო ხშირად ვხედავდი ერთსა და იმავე პრობლემას: ტექნიკურად ბრწყინვალე პროექტები წარმატებას ვერ აღწევდა არა კოდის ხარისხის, არამედ ბიზნესთან სუსტი კავშირის, ბუნდოვანი მიზნებისა და არაეფექტიანი პროცესების გამო. ამ პრობლემაზე პასუხის ძიებაში დავაარსე AgileSchool, რომლის მიზანი იყო, ბაზრისთვის მიეწოდებინა თანამედროვე, მოქნილი მეთოდოლოგიების ცოდნა, რათა გუნდებს უკეთ ემუშავათ. თუმცა კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობისას გამოჩნდა, რომ ცალკეული გუნდების გაწვრთნა საკმარისი არ იყო. პრობლემა უფრო ღრმა, სისტემური და ორგანიზაციული აღმოჩნდა. საჭირო იყო არა მხოლოდ ტრენინგი, არამედ სრული ტრანსფორმაცია, პროცესების, სტრუქტურისა და კულტურის დონეზე. სწორედ ამის გაცნობიერებამ და ბაზრიდან წამოსულმა მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა Axen Consulting-ის, როგორც დამოუკიდებელი, ტექნოლოგიურ და ბიზნესკონსულტაციაზე ფოკუსირებული ბრენდის შექმნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ Axen Consulting არის იმის მცდელობა, რომ სისტემურ დონეზე გადაიჭრას პრობლემა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი ტექნოლოგიისა და ბიზნესის სამყაროების საზღვარზე", – ამბობს ალექს გიჯაშვილი.

Axen Consulting-ის საქმიანობა მხოლოდ მიმდინარე პროცესებზე არ არის კონცენტრირებული – კომპანიის ხედვა მომავალზე გათვლილი სტრატეგიით აიგება. Entrepreneur-ის კითხვაზე, თუ რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები, Axen Consulting-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი მისიაა, შექმნან ისეთი ბიზნესგარემო, სადაც ორგანიზაციები უფრო მოქნილად, გონივრულად და ინოვაციურად რეაგირებენ ცვლილებებზე.

"ჩვენი მიზანია, რომ ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც Axen Consulting იქნება წარმოდგენილი, გავხდეთ ტექნოლოგიური და ბიზნესტრანსფორმაციის მიმართულებით ლიდერი კომპანია. ამ ხედვას სამი ძირითადი მიმართულებით ვავითარებთ:

ექსპერტიზის მუდმივი გაღრმავება: ჩვენ ვგეგმავთ, ვიყოთ ამ ცვლილებების ავანგარდში, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ბიზნესპროცესებში და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი მიზანია, კლიენტებს ყოველთვის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მიდგომები შევთავაზოთ.

გეოგრაფიული არეალის გაფართოება: ჩვენ უკვე წარმატებით ვოპერირებთ საქართველოსა და უზბეკეთში და ვხედავთ დიდ პოტენციალს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მიზანია, ჩვენი გამოცდილება და მიდგომები გავუზიაროთ უფრო მეტ კომპანიას, რომლებიც მზად არიან ტრანსფორმაციისთვის და ესმით თანამედროვე მართვის მოდელების აუცილებლობა.

ბაზრის ეკოსისტემის განვითარება: ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ მხოლოდ დახურული საკონსულტაციო კომპანია. ვგეგმავთ, აქტიურად გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კვლევების, პუბლიკაციებისა და ღია ღონისძიებების მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, გვჯერა, რომ ძლიერი და თანამედროვე ბიზნესები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საყრდენია და გვსურს, ამ პროცესში ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ", – ალექს გიჯაშვილი.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე